კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
1

 

➔ საჭიროებების ანალიზი/აღწერა

ყოველდღიურად იზრდება თანამედროვე ტექნოლოგიებისადმი ინტერესი და შესაბამისად არსებობს აღნიშნულ თემაზე პროფილური ბანაკების ორგანიზების საჭიროებაც.

 

„რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ არის ერთ-ერთი პირველი მასშტაბური პროფილური ბანაკი, სადაც ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ პრაქტიკულ- ლაბორატორიული პროექტების განხორციელებით გაიუმჯობესონ კვლევითი უნარები.

 

➔ მიზანი/მიზნები

 

პრაქტიკულ-ლაბორატორიული პროექტების განხორციელების გზით კვლევითი უნარებისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება;

მოსწავლეებში მეცნიერების, რობოტექნიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების პოპულარიზაცია;

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დანერგვის ხელშეწყობა;

რეკრეაციული, საგანმანათლებლო-შემეცნებითი, სპორტული და კულტურული გარემოს შექმნა და შესაბამისი აქტივობების უზრუნველყოფა.

 

➔ მიზნობრივი ჯგუფი

ბანაკში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ყველა რეგიონიდან, მცირეკონტინგენტიანი საჯარო სკოლების 13-18 წლის მოსწავლეებს. პრიორიტეტი მიენიჭებათ სოციალურად დაუცველ, იძულებით გადაადგილებულ და მრავალშვილიანი ოჯახების წარმომადგენლებს. გარდა ამისა, ბანაკში მონაწილეობა შეეძლებათ გამყოფი ხაზის სიახლოვესა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მაღალმთიან და საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრებ მოსწავლეებს. თითოეული მუნიციპალიტეტიდან ბანაკში ჩაერთვება მცირეკონტინგენტიანი სკოლების 12 მოსწავლე (სულ 756 მოსწავლე), იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტში/თვითმმართველ ქალაქში არ არის მცირეკონტინგენტიანი სკოლა, ბანაკში ჩაერთვებიან სოციალურად დაუცველი მოზარდები. ქ. თბილისის რაიონული რესუსრცენტრებიდან ბანაკში ჩაერთვება 40 მოზარდი (სულ 200 მოსწავლე) და წეროვანის დასახლებიდან 34 მოზარდი.

ბენეფიციარების შერჩევას და შესაბამისი დოკუმენტაციის ცენტრისთვის მიწოდებას უზრუნველყოფს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

გარდა ამისა, ბანაკში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა პარტნიორი უწყებების ბენეფიციარები, რომელთა შერჩევასაც (ასაკობრივი კატეგორიის გათვალისწინებით და სქესთა ბალანსის დაცვით) უზრუნველყოფენ პარტნიორი ორგანიზაციები. უწყებების მიხედვით ბენეფიციართა რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის განკარგულებით. პარტნიორმა უწყებებმა ასევე უნდა უზრუნველყონ მათ მიერ წარდგენილი მონაწილეების შესახებ ინფორმაციის ცენტრისთვის მიწოდება განკარგულებაში გაწერილი კრიტერიუმების შესაბამისად.

➔ გეოგრაფიული არეალი

ქ. ქუთაისი, სსიპ „გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის“ ბაზა.

➔ განხორციელების მეთოდოლოგია

ბანაკი არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიით ხორციელდება და საბანაკე პროგრამა დატვირთულია მრავალფეროვანი აქტივობებით, რომლებიც მორგებულია მონაწილეთა ინტერესებსა და ასაკობრივ თავისებურებებზე.

საბანაკე პროგრამის შესაბამისად გაწერილი თეორიული და პრაქტიკული სავარჯიშოები/აქტივობები მონაწილეებს საშუალებას აძლევს აიმაღლონ ცნობიერება რობოტექნიკის მიმართულებით და მიღებული თეორიული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში. გარდა ამისა, საბანაკე პროგრამა დატვირთულია სპორტული და შემოქმედებითი აქტივობებით, რომელთა მომზადების პროცესში სრულად ერთვებიან ბანაკის მონაწილეები.

2019 წელს ბანაკი არაუმეტეს 5 ნაკადად განხორციელდება და ერთ ნაკადზე საბანაკე პროგრამაში ჩაერთვება 288-მდე მონაწილე, სულ ბანაკში დაისვენებს 1440- მდე ახალგაზრდა.

 

➔ მოსალოდნელი საბოლოო შედეგი

გაზრდილია პრაქტიკულ-ლაბორატორიული პროექტების განხორციელებაში ჩართული ბენეფიციარების რაოდენობა;

რობოტექნიკის მიმართულებით გაზრდილი ცოდნის დონე;

ბანაკში ჩართულია 1440 მონაწილე;