ანაკლიაში „მომავლის ბანაკი” გაიხსნა.

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში გაიხსნა. ბანაკს პირველ ნაკადზე 14-18 წლის 288 მონაწილე ესტუმრა.
ბანაკის ოფიციალურ გახსნას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია, ქ.ზუგდიდის მერის მოადგილე მაიზერ ნანავა, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია, უფროსის მოადგილე ნინო ვადაჭკორია, გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ხელმძღვანელი პოლკოვნიკი შალვა ძინძიბაძე, სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
სტუმრებმა ბანაკის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და მოზარდებს გაესაუბრნენ. მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ მურღულიამ ცენტრის თანამშრომლებს და ლიდერებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა, ბანაკის მონაწილეებს კი წარმატებები უსურვა. ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ საქართველოს მთავრობას და „მომავლის ბანაკის“ განხორციელებაში ჩართულ ყველა სტრუქტურას მადლობა გადაუხადა, მოზარდებს სიტყვით მიმართა და ბანაკში ნაყოფიერი დღეების გატარება უსურვა.
ბანაკის ლიდერები და მონაწილეები მოწვეული სტუმრების წინაშე ფლეშმობითა და მუსიკალური ნომრებით წარდგნენ. საღამო საქართველოს ეროვნული ჰიმნით, სახელმწიფო დროშის აღმართვითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
პროგრამა მეექვსე წელია ხორციელდება და მასში ჩართულია სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურა:
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური“, საქართველოს მთავრობის კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური“.
პროგრამა „მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიით ხორციელდება და მოიცავს შემეცნებით, საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებს. საბანაკე პროგრამა 7 თემატური დღისგან შედგება და აქტივობები დაგეგმილია ბენეფიციართა ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისად.
პროგრამის მიზანია საგანმანათლებლო-შემეცნებითი, რეკრეაციული სპორტული და კულტურული გარემოს შექმნა და შესაბამისი აქტივობების უზრუნველყოფა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დანერგვის ხელშეწყობა, რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების თანატოლებთან ინტეგრაციის ხელშეწყობა.
წელს „მომავლის ბანაკი” 3 000-მდე მოზარდს მიიღებს.

იხილეთ ბმული