ანაკლიის „მომავლის ბანაკი” საზეიმოდ დაიხურა!

16 სექტემბერს 21:00 საათზე ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროგრამა ,,მომავლის ბანაკი” საზეიმოდ დაიხურა. ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია, ცენტრის უფროსის მოადგილეები ნინო ვადაჭკორია, ზურაბ ცოფურაშვილი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ღონისძიებას პროგრამებისა და ბანაკების მართვის დეპარტამენტის უფროსი თეა ყიფშიძე უძღვებოდა. „მომავლის ბანაკის“ მონაწილეებმა მუსიკალური ნომრებით საქართველოს კუთხეები (გურია, აჭარა, სამეგრელო,სვანეთი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი,აფხაზეთი) და მსოფლიო (ინდოეთი, ეგვიპტე, აფრიკა,იაპონია საფრანგეთი, ბრაზილია) წარმოადგინეს. მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებული გუნდები, რომელიც სპორტის 5 სახეობაში გაიმართა, ეს არის ფეხბურთი, კალათბურთი, ჭადრაკი, მაგიდის ჩოგბურთი და ფრენბურთი. საღამო ფლეშმობითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი „მომავლის ბანაკს” საქართველოს მთავრობის განკარგულებით (საქართველოს მთავრობის განკარგულება N 989, 2016 წლის 2 ივნისი. ქ.თბილისი, მომავლის ბანაკის განხორციელების შესახებ) ახორციელებს.
„მომავლის ბანაკს” პირველ და მეორე ნაკადზე – ა(ა)იპ საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტის ეროვნულ ფედერაციის მიერ შერჩეული „სპორტული ოლიმპიადის” 12-18 წლის, 576 მონაწილე ესტუმრა.
დანარჩენი 6 ნაკადის შერჩევა მოხდა შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
1. საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტრომ წარადგინა 1391 კანდიდატურა მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების, მათ შორის უპირატესობა მიენიჭა სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან, იძულებით გადაადგილებულ პირებს, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, მაღალმთიან და საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრებ მოსწავლეებს,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსმიერ ორგანიზებულ ოლიმპიადებსა და კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეებს. მათ შორის არის 50 მოზარდი გალიდან და 40 პანკისიდან.
2. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს დაევალა უცხოეთში მცხოვრები 144 თანამემამულის ჩამოყვანა ანაკლიიის „მომავლის ბანაკში.”
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრმა შეარჩია და მოგვაწოდა 14-18 წლის, 50 მოზარდის სია.
4.სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებელს“ დაევალა პროექტ ,,წიგნების თაროს“ 69 ბენეფიციარის წარდგენა.
5.ა(ა)იპ -საქართველოს ინტელექტ-კლუბმა ,,რა?სად?როდის?“ დაევალა პროექტ ,,ინტელექტის დღის“ მონაწილეთაგან 60 ბენეფიციარის შერჩევა. 6. ,,მომავლის ბანაკს“ ესტუმრნენ ,,ნორჩ მაშველთა კლუბის“ წევრები აზერბაიჯანიდან, ბელორუსიდან და საქართველოდან.(ერთ ნაკადზე 21 მოზარდი)
მონაწილეთა უსაფრთხო გადაადგილებას (დანიშნულების ადგილიდან ანაკლიამდე და ანაკლიიდან დანიშნულების ადგილამდე) უზრუნველყოფს საპატრულო პოლიცია. ასევე, „მომავლის ბანაკის” ტერიტორიაზე ბავშვების უსაფრთხოებაზე იზრუნებს „საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს” თანამშრომლები.
პროექტში ჩართული ახალგაზრდებმა გადიან სპეციალურად შემუშავებულ მოდულებს (როლური თამაშები, დისკუსიები, პრაქტიკული სავარჯიშოები) ადამიანისა და ბავშვთა უფლებების, ეკოლოგიის, ჰიგიენის, და საქართველოს ისტორიის შესახებ. აქვთ სპორტული აქტივობები ოლიმპიადის პრინციპით. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები, მოზარდებს სამაშველო ღონისძიებების გატარებას და საგანგებო სიტუაციების მართვის ხელოვნებას ასწავლიან.
პროგრამის მიზანია სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების საშუალებით საქართველოში და მის გარეთ მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური დასვენებით უზრუნველყოფა, მათთვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება, სოციალური ინტეგრაციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა.
ჯამში „მომავლის ბანაკმა“ 2300-მდე მოზარდს უმასპინძლა.

 

This slideshow requires JavaScript.