ანაკლიის „მომავლის ბანაკი“-2017 გაიხსნა!

ანაკლიის „მომავლის ბანაკი“ -2017 საზეიმოდ გაიხსნა.
„მომავლის ბანაკს“ პირველ ნაკადზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შერჩეული 14-18 წლის 288 მონაწილე ესტუმრა. ბანაკის ოფიციალურ გახსნას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი,პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა, ზუგდიდის გამგებლის პირველი მოადგილე მამუკა წოწერია, გუბერნატორის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია, ანაკლიის გამგებელი გელა ლემონჯავა, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის “ დირექტორი თათია ხოჭოლავა, ცენტრის უფროსის მოადგილე ნინო ვადაჭკორია და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
სტუმრებმა ბანაკის ტერიტორია დაათვალიერეს და მოზარდებს გაესაუბრნენ. საღამოს ღონისძიებას ანაკლიის „მომავლის ბანაკის“ პროგრამული მენეჯერი ლაშა ოდიშელიძე უძღვებოდა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლიდერებსა და მონაწილეებს წარმატებები და ბანაკში საინტერესო დღეების გატარება უსურვა. ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ მოზარდებს სიტყვით მიმართა და ანაკლიის „მომავლის ბანაკი“ გახსნილად გამოაცხადა. ბანაკის ლიდერები და მონაწილეები მოწვეული სტუმრების წინაშე ფლეშმობითა და მუსიკალური ნომრებით წარდგნენ. საღამო საქართველოს ეროვნული ჰიმნით, სახელმწიფო დროშის აღმართვითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი „მომავლის ბანაკს” საქართველოს მთავრობის განკარგულებით (საქართველოს მთავრობის განკარგულება N 826, 2017 წლის 26 აპრილი. ქ.თბილისი, მომავლის ბანაკის განხორციელების შესახებ) ახორციელებს. ანაკლიის „მომავლის ბანაკი“ წელს 2304 მოზარდს უმასპინძლებს. მონაწილეთა შერჩევა მოხდა შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
1.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტომ წარადგინა 1744 კანდიდატურა მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების, მათ შორის უპირატესობა მიენიჭათ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან, იძულებით გადაადგილებულ პირებს, გამყოფი ხაზების სიხალოვესა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსწავლეებს, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, მაღალმთიან და საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრებ, ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადებსა და კონკურსებში გამარჯვებულ მოსწავლეებს.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ანაკლიიის „მომავლის ბანაკში” უცხოეთში მცხოვრები 144 თანამემამულის ჩამოყვანა.
3. ,,მომავლის ბანაკს“ ესტუმრებიან ,,ნორჩ მაშველთა კლუბის“ წევრები აზერბაიჯანიდან, ბელორუსიდან და საქართველოდან (ერთ ნაკადზე 28 მოზარდი).
4. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისა და აგრეთვე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილ, დაშავებულ და გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურეთა შვილების (14-18 წლის) არა უმეტეს 50 ბენეფიციარის შერჩევა.
5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ უნდა უზრუნველყოს 50 ბენეფიციარის (14-18 წლის) წარდგენა.
6. სსიპ -ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა უნდა უზრუნველყოს პროგრამა „ ახალგაზრდული ფესტივალი 2017“-ის ფარგლებში შერჩეული 288 ბენეფიციარის დასვენება ბანაკში.
მონაწილეთა უსაფრთხო გადაადგილებას (დანიშნულების ადგილიდან ანაკლიამდე და ანაკლიიდან დანიშნულების ადგილამდე) უზრუნველყოფს საპატრულო პოლიცია. ასევე, „მომავლის ბანაკის” ტერიტორიაზე ბავშვების უსაფრთხოებაზე „საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს” თანამშრომლები ზრუნავენ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ბანაკს უზრუნველყოფს მედიკამენტებით, ასევე ექიმისა და ექთნის მომსახურებით 24 საათის განმავლობაში.
პროექტში ჩართული ახალგაზრდები გაივლიან სპეციალურად შემუშავებულ მოდულებს (როლური თამაშები, დისკუსიები, პრაქტიკული სავარჯიშოები) ადამიანისა და ბავშვთა უფლებების, ეკოლოგიის, ჰიგიენის, და საქართველოს ისტორიის შესახებ. ექნებათ სპორტული აქტივობები ოლიმპიადის პრინციპით. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები, მოზარდებს სამაშველო ღონისძიებების გატარებას და საგანგებო სიტუაციების მართვის ხელოვნებას შეასწავლიან.

პროგრამის მიზანია სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების საშუალებით საქართველოში და მის გარეთ მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური დასვენებით უზრუნველყოფა, მათთვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება, სოციალური ინტეგრაციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა.