ანაკლიის „მომავლის ბანაკი“ – 2017 საზეიმოდ დაიხურა

ანაკლიის „მომავლის ბანაკი“ – 2017 საზეიმოდ დაიხურა. ბანაკის ოფიციალურ დახურვას ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი, გიგა გაბელაია, დანაშაულის პრევენციის ცენტრის უფროსი, ხატია ხოჭოლავა, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე, დავით ცინარიძე და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. საღამოს ღონისძიებას ანაკლიის „მომავლის ბანაკის“ პროგრამული მენეჯერი ლაშა ოდიშელიძე უძღვებოდა. ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია მოზარდებსა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა, მონაწილეებს სამომავლოდ წარმატებები უსურვა და ბანაკის განხორციელებაში ჩართულ ყველა სტრუქტურას, ასევე ბანაკის თანამშრომლებსა და ლიდერებს გაწეული შრომისათვის მადლობა გადაუხადა. ლიდერები და მონაწილეები სტუმრების წინაშე საკუთარი ხელით შექმნილი კოსტიუმებით წარდგნენ და შთამბეჭდავი მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს . მათ საქართველოს ყველა კუთხეში გვამოგზაურეს და კიდევ ერთხელ გააცოცხლეს ჩვენი კულტურა და ჩვენი დიდი წარსული. საღამომ ძალიან ლამაზად, ემოციურად და საინტერესოდ ჩაიარა. ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა. მონაწილეები და ლიდერები „მომავლის ბანაკს“ მომავალ წლამდე დაემშვიდობნენ. ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი „მომავლის ბანაკს” საქართველოს მთავრობის განკარგულებით (საქართველოს მთავრობის განკარგულება N 826, 2017 წლის 26 აპრილი. ქ.თბილისი, მომავლის ბანაკის განხორციელების შესახებ) ახორციელებს. ანაკლიის „მომავლის ბანაკი“ წელს 2304 მოზარდს უმასპინძლა. მონაწილეთა შერჩევა მოხდა შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: 1.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტომ წარადგინა 1744 კანდიდატურა მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების, მათ შორის უპირატესობა მიენიჭათ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან, იძულებით გადაადგილებულ პირებს, გამყოფი ხაზების სიხალოვესა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსწავლეებს, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, მაღალმთიან და საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრებ, ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადებსა და კონკურსებში გამარჯვებულ მოსწავლეებს. 2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყო ანაკლიიის „მომავლის ბანაკში” უცხოეთში მცხოვრები 144 თანამემამულის ჩამოყვანა. 3. ,,მომავლის ბანაკს“ სტუმრობდნენ ,,ნორჩ მაშველთა კლუბის“ წევრები აზერბაიჯანიდან, ბელორუსიდან და საქართველოდან (ერთ ნაკადზე 28 მოზარდი). 4. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უზრუნველყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისა და აგრეთვე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილ, დაშავებულ და გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურეთა შვილების (14-18 წლის) არა უმეტეს 50 ბენეფიციარის შერჩევა. 5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ უზრუნველყო 50 ბენეფიციარის (14-18 წლის) წარდგენა. 6. სსიპ -ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა უზრუნველყო პროგრამა „ ახალგაზრდული ფესტივალი 2017“-ის ფარგლებში შერჩეული 288 ბენეფიციარის დასვენება ბანაკში. მონაწილეთა უსაფრთხო გადაადგილებას (დანიშნულების ადგილიდან ანაკლიამდე და ანაკლიიდან დანიშნულების ადგილამდე) უზრუნველყოფდა საპატრულო პოლიცია. ასევე, „მომავლის ბანაკის” ტერიტორიაზე ბავშვების უსაფრთხოებაზე „საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს” თანამშრომლები ზრუნავდნენ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ბანაკი უზრუნველყო მედიკამენტებით, ასევე ექიმისა და ექთნის მომსახურებით 24 საათის განმავლობაში. პროექტში ჩართულმა ახალგაზრდებმა გაიარეს სპეციალურად შემუშავებული მოდულები (როლური თამაშები, დისკუსიები, პრაქტიკული სავარჯიშოები) ადამიანისა და ბავშვთა უფლებების, ეკოლოგიის, ჰიგიენის, და საქართველოს ისტორიის შესახებ. იმართებოდა სპორტული აქტივობები ოლიმპიადის პრინციპით. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა, მოზარდებს სამაშველო ღონისძიებების გატარება და საგანგებო სიტუაციების მართვის ხელოვნება შეასწავლეს. პროგრამის მიზანია სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების საშუალებით საქართველოში და მის გარეთ მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური დასვენებით უზრუნველყოფა, მათთვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება, სოციალური ინტეგრაციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა.