„ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრსა” და „დანაშაულის პრევენციის ცენტრს” შორის თანამშრომლობა გრძელდება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრი“ და იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ თანამშრომლობას განაგრძობენ.
თანამშრომლობის მიზანია ახალგაზრდებთან მუშაობის გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დანაშაულის პირველი და მეორე დონის პრევენციის, განრიდებისა და მედიაციის პროგრამებში ჩართულ ბენეფიციარებისთვის, აგრეთვე, ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში ჩართული ახალგაზრდული ასაკის ბენეფიციართა და მათი ოჯახის წევრთათვის პიროვნული, კულტურული და ფსიქო-სოციალური განვითარების ხელმისაწვდომობა.
მხარეთა პროექტებში ჩართული მოსწავლეებისა და ახალგაზრდებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება და ამ მიზნით მოქმედ პროგრამებში მათი მაღალი ჩართულობის ხელშეწყობა.
განახლებულ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ უფროსმა გიგა გაბელაიამ და „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორმა თათია ხოჭოლავამ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრსა და დანაშაულის პრევენციის ცენტრს თანამშრომლობის გამოცდილება უკვე აქვს. გასულ წლებში დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამების მონაწილე 50 მოსწავლე ყოველწლიურად ისვენებდა ანაკლიის „მომავლის ბანაკში“. ამიერიდან, კი, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ბანაკებით ის სტუდენტებიც ისარგებლებენ, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდულ აქტივობებში.