ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროგრამა „მომავლის ბანაკი“ შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიხურა

28 აგვისტოს, 22:00 საათზე ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროგრამა „მომავლის ბანაკი“ შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიხურა . ღონისძიებას ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია , უფროსის მოადგილე ნინო ვადაჭკორია და ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ღონისძიებას პროგრამების მენეჯერი გიორგი მოსიაშვილი უძღვებოდა. ლიდერები და მონაწილეები სტუმრების წინაშე ფლეშმობითა და მუსიკალური ნომრებით წარდგნენ . გამოვლინდნენ სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებული მოზარდები, მათ მედლები და თასები საკუთარი გუნდის ლიდერებმა გადასცეს. ღონისძიების დასასრულს ლიდერებმა სპეციალურად შაორის „მომავლის ბანაკისათვის“ დაწერილი ჰიმნი შეასრულეს და ბანაკს მომავალ წლამდე დაემშვიდობნენ.
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი „მომავლის ბანაკს” საქართველოს მთავრობის განკარგულებით (საქართველოს მთავრობის განკარგულება N 826, 2017 წლის 26 აპრილი. ქ.თბილისი, მომავლის ბანაკის განხორციელების შესახებ) ახორციელებს. წელს ბანაკმა საქართველოს მასშტაბით 18-25 წლის აქტიური სტატუსის მქონე 1056 სტუდენტის დასვენება უზრუნველყო.
მონაწილეთა უსაფრთხო გადაადგილებას (დანიშნულების ადგილიდან შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიამდე და შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიიდან დანიშნულების ადგილამდე) უზრუნველყოფდა საპატრულო პოლიცია. ასევე, „მომავლის ბანაკის” ტერიტორიაზე მონაწილეების უსაფრთხოებაზე ზრუნავდა „საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს” თანამშრომლები.
პროგრამის მიზანია სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების საშუალებით საქართველოში და მის გარეთ მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური დასვენებით უზრუნველყოფა, მათთვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება, სოცილური ინტეგრაციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა.
პროგრამის განხორციელებაში ჩართულები იყვნენ: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ზუგდიდისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების გამგეობა.