კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები მისაქციელში

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ინიციატივით, მიმდინარე წლის 10 აგვისტოდან 22 აგვისტოს ჩათვლით, ახალგაზრდული საქმიანობის განვითარების მიმართულებით, ხორციელდება ორკვირიანი კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგ-სემინარი ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელი ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთა მონაწილეობით. სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს ქ. მცხეთაში სოფ. მისაქციელი სასტუმრო ,,კაპილონი“.
10-16 აგვისტოს ტრენინგი აღმოსავლეთ რეგიონების ჯგუფთან ჩატარდა (კახეთი, ქვ.ქართლი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, სულ 37 მონაწილე), ხოლო 16-22 აგვისტოს დასავლეთ რეგიონების ჯგუფთან (იმერეთი, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმ ქვ. სვანეთი, აჭარა, აფხაზეთი, სულ 39 მონაწილე) მოეწყობა.
პროგრამის მიზანია მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელ პირთა გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება. აღნიშნული საკითხი ხელს შეუწყობს სამინისტროსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებასა და ახალი იდეების განხორციელებას. ასევე „სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის” მიზნის ადგილობრივ დონეზე ეფექტურ გატარებასა და ახალგაზრდების განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნას.
ტრენინგ-კურსის ჩატარებას უზრუნველყოფს ააიპ ,,კრეატიული განათლების ცენტრი“.
სატრენინგო თემებია:
• ახალგაზრდული პოლიტიკის რაობა, პრინციპები, კომპონენტები, სფეროები;
• ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება, შემუშავება, განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება, სექტორთაშორისი თანამშრომლობა;
• ახალგაზრდული პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკა და პოლიტიკის სამოქმედო გეგმა;
• ევროპული პრაქტიკა ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში;
• ადგილობრივ და რეგიონულ -საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების მონაწილეობის შესახებ განახლებული ევროპული ქარტია და მისი პრაქტიკაში გამოყენება;
• ახალგაზრდების მონაწილეობის ინსტრუმენტები;
• ახალგაზრდების მონაწილეობა ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებაში ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე, საუკეთესო პრაქტიკა;
• ეფექტიანი თანამშრომლობის განვითარება, ახალგაზრდულ ორგანიზაციებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის;
• სტრატეგიული დაგეგმვა, დაინტერესებული მხარეების რუკის შედგენა და შერჩევა, მონაცემების მოგროვება და შეფასება სტრატეგიული დაგეგმვის პროცესისათვის;
• SWOT ანალიზის როგორც ანალიტიკური ინსტრუმენტი და მისი პრაქტიკაში გამოყენება;
• ადვოკატირება და ლობირება.
ტრენინგების ფარგლებში 14-15 აგვისტოს მოეწყო „CYNC ქსელების“ პრეზენტაცია, რომელსაც ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ერთობლივად ახორცილებენ.

პრეზენტაციას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინსტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია ესწრებოდნენ, რომლებმაც მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრეს.
ტრენინგების დასრულების შემდეგ, რეგიონალური მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს დაევალებათ თემის დონეზე შშმ იძულებით გადაადგილებულ და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა საჭიროებების განსაზღვრა და სოფლის რწმუნებულებთან აქტიური თანამშრომლობის ქსელის ჩამოყალიბება. ხოლო ოქტომბრის თვეში ჩატარდება ონლაინ კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ რეგიონალურ დონეზე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და სოფლის რწმუნებულები. აღნიშნულ ონლაინ შეხვედრაზე მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ გაწეული სამუშაოს შუალედური ანგარიში და სამომავლო გეგმები. წლის ბოლოს, ნოემბრის თვეში, გაიმართება შემაჯამებელი ფორუმი თბილისში, სადაც მონაწილეებს საშუალება ექნებათ შეაფასონ შესრულებული სამუშაო და წარმოადგინონ სრულად გაწერილი სამომავლო საპროექტო იდეები, რომლის განხორციელება გათვალისწინებული ექნებათ მომდევნო წლის სამოქმედო გეგმაში.