„ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ უპრეცედენტო კონკურსები!

„ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ უპრეცედენტო კონკურსები!
ლიტერატურული კონკურსი „ჩვენი თავგადასავალი“ და კონკურსი დამწყები მხატვრებისთვის „შექმენი შენი კალენდარი“ უპრეცედენტო მასშტაბს იძენს.
ორივე კონკურსის მიზანი, ნიჭიერი პროზაიკოსებისა და მხატვრების აღმოჩენის გარდა, არის ის, რომ მოზარდების ხელით შეიქმნას წიგნი და კალენდარი, რომელიც უსინათლო და მცირემხედველი თანატოლებისთვის იქნება განკუთვნილი.
დაწერე „ჩვენი თავგადასავალი“, „შექმენი შენი კალენდარი“ და ჩაერთე მოძრაობაში – ჩვენ შენს გვერდით ვართ!
ორივე კონკურსი ერთ დროსა და ერთ სივრცეში გაიმართება – 28 სექტემბერი-2 ოქტომბერი, ახალციხე.
მონაწილეობის მსურველთათვის:
„ჩვენი თავგადასავალი“ – კონკურსი დამწყები პროზაიკოსებისთვის
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ წერის ნიჭით დაჯილდოვებულ 14-18 წლის მოზარდებს, რომელთაც თავიანთი მოთხრობები (მხატვრული ნაწარმოებები) 22 სექტემბრამდე უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: chvenitavgadasavali@cync.ge
განხილვისთვის აუცილებელი პირობაა, მიუთითოთ:
• სახელი, გვარი
• ქალაქი (დაბა, სოფელი), რეგიონი
• საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, მისამართი)
• სკოლის დასახელება
• მშობლის (კანონიერი მეურვის) საკონტაქტო ინფორმაცია
მხატვრული ნაწარმოები არ უნდა აღემატებოდეს A4 ფორმატის 5 გვერდს (შრიფტი – უნიკოდი, შრიფტის ზომა – 11, ფაილის ტიპი – Microsoft word document)
არ განიხილება ჩანახატი, ლექსი, პოემა, პიესა, ესსე, სასკოლო თემა/თხზულება.
მოთხრობის თემა თავისუფალია.
ფინალური ეტაპისთვის შეირჩევა 24 მონაწილე.
„შექმენი შენი კალენდარი“ – კონკურსი დამწყები მხატვრებისთვის
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ხატვის ნიჭით დაჯილდოვებულ 12-18 წლის მოზარდებს, რომელთაც თავიანთი ნამუშევრები 22 სექტემბრამდე უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: shenikalendari@cync.ge
განხილვისთვის აუცილებელი პირობაა, მიუთითოთ:
• სახელი, გვარი
• ქალაქი (დაბა, სოფელი), რეგიონი
• საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, მისამართი)
• სკოლის დასახელება
• მშობლის (კანონიერი მეურვის) საკონტაქტო ინფორმაცია
აუცილებელია, გამოაგზავნოთ მინიმუმ 3 ნამუშევარი (jpg ფაილი).
ნამუშევრების თემა თავისუფალია.
ფინალური ეტაპისთვის შეირჩევა 12 მონაწილე.
დეტალური ინფორმაცია კონკურსების შესახებ
„ჩვენი თავგადასავალი“ და „შექმენი შენი კალენდარი“ ორი წელია, „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ორგანიზებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმართება და მიზნად ისახავს შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოვებული მოზარდების წარმოჩენასა და პოპულარიზაციას.
ორივე კონკურსის ფინალური ეტაპის მონაწილეები მიემგზავრებიან ახალციხეში, სადაც ერთნი – ლიტერატურულ, მეორენი კი სამხატვრო მარათონში ერთვებიან.
ფინალური ეტაპი 5 დღეს მოიცავს. პირველ დღეს მხატვრებს კენჭისყრით შეხვდებათ წელიწადის რომელიმე თვე, ხოლო პროზაიკოსებს მიეცემათ საკვანძო ფრაზა, რომელზეც მოთხრობა უნდა ააგონ. პარალელურად, კონსულტანტები ჩაატარებენ პროფესიულ მასტერკლასებს.
1 ოქტომბერს გაიმართება ღია ცის ქვეშ ექსპოზიცია და გამოვლინდებიან საუკეთესოთა შორის საუკეთესოები როგორც მხატვრებს, ისე პროზაიკოსებს შორის („ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“, კონსულტანტებისა და სპონსორების რჩეულები), რომელთაც ფასიანი და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცემათ.
წლის ბოლოს გაიმართება კონკურსების ფარგლებში საუკეთესო მოთხრობებისგან გამოცემული წიგნისა და კედლისა და სამაგიდე კალენდრის პრეზენტაცია.