მანავის ბანაკს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საქართველოს ვიცეპრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ესტუმრნენ.

„საზაფხულო სკოლების“ პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ ფარგლებში, მანავის ბანაკს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს ვიცეპრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია და უფროსის მოადგილე ნინო ვადაჭკორია ესტუმრნენ.
სტუმრებმა ბანაკის ტერიტორია დაათვალიერეს , მოზარდებს სიტყვით მიმართეს და მათ სასიამოვნო დღეების გატარება უსურვეს. ბანაკის მონაწილეები სტუმრების წინაშე სპეციალურად მომზადებული მუსიკალური ნომრებით წარდგნენ. ღონისძიების დასასრულს მონაწილეებმა სტუმრებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

„საზაფხულო სკოლების“ პროგრამას „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, საქართველოს მთავრობის კანკარგულებით ახორციელებს.
მანავის ბანაკი 8 ნაკადზე 14-18 წლის 1056 მოსწავლეს უმასპინძლებს.
პროგრამის მიზანია სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების საშუალებით საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური დასვენებით უზრუნველყოფა, მათთვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება, ასევე სოციალური ინტეგრაციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობა.