მედიატურნირი ქუჩის კალათბურთში

„ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ორგანიზებით, ქუჩის კალათბურთში მედიატურნირი გაიმართა. ტურნირს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია ესწრებოდნენ. ცენტრის უფროსმა და მინისტრის მოადგილემ პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები დააჯილდოვეს და გამარჯვებულ გუნდს ცენტრის გარდამავალი თასი გადასცეს.
ფინალურ მატჩში ერთმანეთს „რუსთავი 2“-ის და „აფხაზეთის ხმის“ გუნდები შეხვდნენ. გამარჯვება „აფხაზეთის ხმის“ გუნდმა ანგარიშით 16-8 მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ „აფხაზეთის ხმის“ გუნდი უკვე მეორეჯერ გახდა ცენტრის გარდამავალი თასის მფლობელი, შარშან ისინი გამარჯვებულები ქუჩის ფეხბურთში გახდნენ, რომელიც ცენტრის ორგანიზებით წეროვანში გაიმართა.
გამარჯვებულ გუნდს „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის” მიერ დაწესებული გარდამავალი თასი CHILDREN & YOUTH CUP, მედლები,სიგელები და სიმბოლური პრიზები გადაეცა.
ტურნირის სპონსორმა „ფრეგომ“ ისინი 400 ლიტრი საწვავით დააჯილდოვა.
მეორე ადგილზე გასულ გუნდს, ასევე „ფრეგოსგან“ 200 ლიტრი საწვავი გადაეცა, ცენტრისგან კი, „რუსთავი 2“-ის გუნდი თასით, მედლებით, სიგელებით და სხვადასხვა საჩუქრით დაჯილდოვდა.

კომპანია „ლიდერბეთმა“ გამოავლინა ტურნირის საუკეთესო კალათბურთელი – „აფხაზეთის ხმის“ წევრი პაატა ფირცხალავა და მას 300 ლარიანი ვაუჩერი გადასცა. ერთადერთ მონაწილე გოგონა თაკო აბესაძე, რადიო „ჯაკოს“ გუნდიდან, 100 ლარიანი ვაუჩერით დაჯილდოვდა.
„რუსთავი 2“ – ის გუნდის წევრს დავით ფრანგიშვილს, ცენრტისგან სიმბოლური საჩუქარი – საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების წევრების მიერ ხელმოწერილი კალათბურთის ბურთი გადაეცა.
მედიატურნირი წელს მეორედ გაიმართა და მასში რვა მედია-გუნდი მონაწილეობდა:
1. სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“
2. საზოგადოებრივი მაუწყებელი
3. ტელეკომპანია „იბერია TV“
4. Silk TV
5. ტელეკომპანია TV პირველი
6. რადიო Jako FM
7. აფხაზეთის ხმა
8. ლიდერბეთი
ტურნირის ყველა მონაწილე გუნდს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისგან სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცა.
მედიატურნირი შემაჯამებელი ღონისძიება იყო ცენტრის მიერ წლის მანძილზე საქართველოს ყველა რეგიონში გამართული სპორტული შეჯიბრებებისა, რომელიც CYNC საბავშვო ქუჩის ფეხბურთისა და CYNC ქუჩის კალათბურთის ახალგაზრდული ფესტივალის ფარგლებში გაიმართა.