„რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ – 2018

გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ საზეიმოდ გაიხსნა, სადაც 13 -18 წლის 1500-მდე მოზარდი ტექნოლოგიურ ინოვაციებს გაეცნობა! ღონისძიება ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გახსნა: „წელს ჩვენი ცენტრი ცხრა ბანაკს ახორციელებს, რომლებშიც 10 000-მდე ბენეფიციარია ჩართული. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ჩვენს თანამშრომელს, რომლებსაც ფასდაუდებელი შრომა აქვთ გაწეული ბანაკების განხორციელებისთვის. ახალგაზრდებს მინდა ნაყოფიერი და სასიამოვნო დასვენება ვუსურვო და მოვუწოდო მათ, უთხრან არა ძალადობას, არა ნარკოტიკს, იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით, იყვნენ მეგობრულები, ტოლერანტულები, იზრუნონ გარემოზე და უყვარდეთ ერთმანეთი!“ საღამოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე გენერალი შალვა ჯაბახიძე, გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ხელმძღვანელი პოლკოვნიკი შალვა ძინძიბაძე, ცენტრის უფროსის მოადგილე ნინო ვადაჭკორია, პროგრამების მართვის დეპარტემენტის უფროსი ბელა სარია და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე ლიდერებისა და მონაწილეების მიერ, არაერთი საინტერესო და სახალისო მუსიკალური ნომერი შესრულდა. ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით, დროშის აღმართვით და ფოიერვერკით დასრულდა. პროექტს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურასთან ერთად ახორციელებს. ესენია : საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური“, საქართველოს მთავრობის კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური“. პროექტის მიზანია მოსწავლეებში მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიის, მათემატიკის, რობოტექნიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების (უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების), ვირტუალური რეალობა და ა.შ.) პოპულარიზაცია, პრაქტიკულ-ლაბორატორიული პროექტების განხორციელების გზით კვლევითი უნარებისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დანერგვის ხელშეწყობა, რეკრეაციული, საგანმანათლებლო-შემეცნებითი, სპორტული და კულტურული გარემოს შექმნა და შესაბამისი აქტივობების უზრუნველყოფა.