სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა“ ევროპის მოხალისეობრივი სამსახურის სამწლიანი აკრედიტაცია წარმატებით გაიარა.

27 იანვარს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა“ ევროპის მოხალისეობრივი სამსახურის სამწლიანი აკრედიტაცია წარმატებით გაიარა. აკრედიტაციის ფარგლებში ცენტრს შესაძლებლობა მიეცემა მიიღოს ევროპელი მოხალისეები საქართველოში, ამავდროულად, შეარჩიოს და გაგზავნოს მოხალისეები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ხოლო ცენტრის წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ მოხალისეობრივი სამსახურის კოორდინატორების ყოველწლიურ შეხვედრებში, რომლებიც პროგრამაში ჩართულ ქვეყნებში იმართება.
„ევროპის მოხალისეობრივი პროგრამა” არის ევროკომისიის ინიციატივის – „ახალგაზრდობა მოქმედებაში” ერთ-ერთი მიმართულება, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია ევროპის ქვეყნებში მცხოვრებ 18-30 წლის ახალგაზრდებს. პროგრამის ფარგლებში, დაინტერესებულ პირებს უფინანსდებათ (მგზავრობის, კვებისა და ცხოვრების ხარჯები) მოხალისეობრივი სამსახური ევროპის ქვეყნებში. სამსახურის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 2-დან 12 თვემდე. პროგრამის ფარგლებში მოხალისე, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, ირჩევს მისთვის სასურველ მიმართულებას (ახალგაზრდული პოლიტიკა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, საოფისე საქმიანობა, ხელოვნება, სხვ.) რომელშიც ის მოხალისეს სტატუსით ჩაერთვება.
„ევროპის მოხალისეობრივი პროგრამა” მიზნად ისახავს: ახალგაზრდებში საერთაშორისო მოხალისეობრივი სამსახურის ხელშეწყობას; ახალგაზრდებს შორის ტოლერანტობისა და სოლიდარობის ზრდის ხელშეწყობას; ახალგაზრდებში აქტიური მოქალაქეობისა და ურთიერთგაგების ხელშეწყობას.