„სტატისტიკა და ანალიზი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და ახალგაზრდობის შესახებ“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ მიერ 2016 წელს ჩატარებული კვლევის – „სტატისტიკა და ანალიზი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და ახალგაზრდობის შესახებ“ – პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ და საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ, უფროსის მოადგილემ ნინო ვადაჭკორიამ, პროგრამების სამსახურის უფროსმა ბელა სარიამ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის კოორდინატორმა თამარ ისაკაძემ, „სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაციის“ თავმჯდომარემ მაია ასაკაშვილმა და კვლევის ავტორმა ნატალია კოპალეიშვილმა.
პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლები.
პრეზენტაციის მიზანს წარმოადგენდა ფართო საზოგადოებისთვის ძირითადი დასკვნების გაცნობა, განხორციელებული ღონისძიებების წარდგენა და სამომავლო აქტივობებზე საუბარი,რომლებიც კვლევის ანალიზის შედეგად წარმოჩინდა.
2016 წელს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრმა“ აღნიშნული კვლევის ფარგლებში შეაგროვა სხვადასხვა უწყებაში არსებული ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შესახებ, ასევე კარდაკარის პრინციპით ჩაატარა მცირე რეგიონული კვლევა და არსებული სტატისტიკური მონაცემების გამთლიანებული ანალიზი წარმოადგინა.
კვლევამ, რომელსაც დემოგრაფიისა და ეკონომიკის დოქტორი ნატალია კოპალეიშვილი უძღვებოდა, მოიცვა 0-28 წლის ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ როგორც რაოდენობრივი, ისე ნოზოლოგიების, სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის, და ტერიტორიული განაწილების მიხედვით სხვადასხვა უწყებაში არსებული ინფორმაცია.
გაანალიზდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ მიმდინარე სტატისტიკა, მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემები და რეგიონული კვლევა. კვლევა ეყრდნობა საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან მიღებულ ინფორმაციას, მათ შორის:

მიმდინარე სტატისტიკა – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან;
> მოსახლეობის განაწილება – ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მიხედვით საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან (მოსახლეობის საყოველთაო აღწერა);
> რეგიონული კვლევის მონაცემები – სოფლის რწმუნებულებისა და რეგიონული გამგეობების სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საკითხებზე მომუშავე პირების მიერ მოწოდებული კითხვარებიდან.