ქართველმა „ნორჩმა მაშველებმა“ საერთაშორისო შეჯიბრებებში გუნდური მეორე ადგილი დაიკავეს

საქართველოს „ნორჩ მაშველთა“ გუნდებმა ბელორუსსა და აზერბაიჯანში გამართულ „ნორჩ მაშველთა“ XV საერთაშორისო შეჯიბრებებში გუნდური მეორე ადგილები დაიკავეს.
გამარჯვებულ „ნორჩ მაშველებს“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები, „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ წარმომადგენლები, გულშემატკივრები და ნათესავები დახვდნენ.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ გამარჯვებული გუნდების წევრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
აზერბაიჯანის ქ. გაბალასა და ბელორუსის ქ. გომელში გამართულ შეჯიბრებებში 10-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნის გუნდი ასპარეზობდა. საქართველოს გუნდებს თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეები წარმოადგენდნენ.
ქართველმა „ნორჩმა მაშველებმა“ „ტურისტული ესტაფეტის“ გადალახვაში პირველობა მოიპოვეს, წყლისა და კომბინირებულ სახანძრო ესტაფეტებში მეორე ადგილზე გავიდნენ, ხოლო ფინალში – გუნდური მეორე ადგილი დაიკავეს.
ასევე, გაიმართა კონკურსები „მის ბანაკი“ და „მისტერ ბანაკი“, სადაც „მის გრაციის“ ტიტული ქართველ მონაწილეს, სოფო თანდიაშვილს ხვდა წილად.
პროექტი „ნორჩ მაშველთა კლუბი“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება. „ნორჩ მაშველებს“ სახანძრო-სამაშველო უსაფრთხოების თეორიული და პრაქტიკული საწვრთნელი მეცადინეობები შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ბაზაზე ჩაუტარდათ.