„ჩვენი თავგადასავალი“/„შექმენი შენი კალენდარი“.

კონკურსი დამწყები მხატვრებისთვის „შექმენი შენი კალენდარი“ და ლიტერატურული კონკურსი „ჩვენი თავგადასავალი“ ბორჯომში საზეიმოდ დაიხურა. ღონისძიებას ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროგრამებისა და ბანაკების მართვის დეპარტამენტის უფროსი თეა ყიფშიძე უძღვებოდა.საღამოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე და ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია ესწრებოდნენ.
მხატვრულ კონკურსში კონსულტანტების მიერ შერჩეული 12 მონაწილე მშვიდ და მყუდრო გარემოში წელიწადის თორმეთი თვის თემატიკაზე ნახატებს, ხოლო ლიტერატურული კონკურსის 24 მონაწილე ლიტერატურულ ნაწარმოებებს ქ. ბორჯომში ქმნიდა. თითოეული თვე დამწყებ მხატვრებს შორის კენჭისყრის პრინციპით გადანაწილდა, ხოლო პროზაიკოსებისთვის წელს არჩევანი მიხეილ ჯავახიშვილის ფრაზაზე შეჩერდა – „შემდეგ ხალხიც ალაპარაკდა და აყაყანდა“ („ჩანჩურა“), რომელის მიხედვითაც მონაწილეებმა ნაწარმოებები შექმნეს.
კონსულტანმტებმა თავიანთი რჩეულები დაასახელეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
კონკურსის პარტნიორებმა – „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“, „კავკასიურმა სახლმა“ და
ელექტრონული წიგნების სახლმა „საბა“ თავიანთი რჩეულები გამოავლინეს.
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისგან ყველა რჩეულს სიგელები, სამახსოვრო საჩუქრები და ციფრული ფოტოაპარატები ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ რევაზ ჯაველიძემ გადასცეს.
„ჩვენი თავგადასავალის“ რჩეულები:
1.ანა ჭაბაშვილის რჩეული – ქეთი მათითაიშვილი – „და ქალები“;
2. გიორგი ლობჟანიძის რჩეული – ლუკა სალაძე -„მივიწყებული სიზმრების ღამე“;
3. ირაკლი ჯავახაძის რჩეული – ლელა თოთაძე „ახალდათხოვნილი“;
4. „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ რჩეული – გურამ ხარშილაძე – „ავდრის ღმერთი“ ;
5. „კავკასიური სახლის“ რჩეული – გოდერძი გორგილაძე – „აპლოდისმენტები ღამეს“;
6. „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ რჩეული – ქეთი ფოჩხიძე -„ვარსკვლავთა შორის თავისუფლება“;
ყველა რჩეულს ელქტრონული წიგნების სახლი „საბა“ ელექტრონულ წიგნს გამოუცემს.
„შექმენი შენი კალენდარის“ რჩეულები:
1. გოგა ჯაფარიძის რჩეული – ბარბარე ნათენაძე, 16 წლის;
2. ქეთი დავლიანიძის რჩეული – გიორგი კონტრიძე, 16 წლის;
3. ნინო ქოქიაშვილის რჩეული – თემურ ქიზიყელაშვილი, 16 წლის;
4. „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ რჩეული – ანი ძამუკაშვილი. 17 წლის, ასევე, მას გადაეცა „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ საჩუქარი.
დამწყები მხატვრების კონკურსის – „შექმენი შენი კალენდარი“-ს კონსულტანტები:
მხატვრები – ქეთი დავლიანიძე, გოგა ჯაფარიძე და ნინო ქოქიაშვილი.
დამწყები პროზაიკოსების კონკურსის – „ჩვენი თავგადასავალი“-ს კონსულტანტები: ლიტერატორი ანა ჭაბაშვილი, მთარგმნელი და პოეტი გიორგი ლობჟანიძე და მწერალი და „ლიტერატურული გაზეთის“ რედაქტორი ირაკლი ჯავახაძე.
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით კონკურსები მესამე წელია იმართება, თუმცა წელს ყველაფერმა ბევრად მასშტაბური სახე მიიღო. ორივე კონკურსი ერთდროულად გაიმართა და მასში საქართველოს ყველა რეგიონის 14-18 წლის 36 ახალგაზრდა ჩაერთო.
კონკურსანტების მიერ შექმნილი ნახატებით 2017 წლის კედლის კალენდარი აიკინძება, ნაწარმოებებით კი წიგნის კრებული გამოიცემა, რომლის პრეზენტაციაც წლის ბოლოს იგეგმება.
კალენდარიცა და წიგნიც ბრაილის შრიფტით დაიბეჭდება და განკუთვნილი იქნება მცირემხედველთათვის და უსინათლოებისთვის, რითიც იწყება მოძრაობა – „ჩვენ შენს გვერდით ვართ!“

იხილეთ ფოტოგალერეა სრულად