წაიკითხეთ ჰარპერ ლის „ნუ მოკლავ ჯაფარას“

„ყველას, განსაკუთრებით მოზარდებს,  ვურჩევ წაიკითხონ   ჰარპერ ლის „ნუ მოკლავ ჯაფარას”. ეს არის მნიშვნელოვანი წიგნი ბავშვებისთვის და ვფიქრობ, აუცილებლად უნდა წაიკითხონ მათ. მართალია, ეს წიგნი საქართველოში ნაკლებად რელევანტურ თემას, – რასიზმს ეხება, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხი ისე მიმდინარეობს, ეს პრობლემაც აქტუალური გახდება. გარდა ამისა, წიგნში მთავარი პერსონაჟი ბავშვია და მისი თვალით არის დანახული კაცობრიობის პრობლემები- უსამართლობა, უთანასწორობა და ა. შ.  მოთხრობილია არა ცალკეული ან იზოლირებული შემთხვევები, არამედ ყოფის და სახელმწიფო პოლიტიკის კუთხით შექმნილი გარემოებები.

მკითხველს საშუალება ეძლევა  სხვის ტყავში „გაეხვიონ” და  რეალურად წარმოიდგინონ  იგნორირებული და გარიყული,  უსამართლობის და უთანასწორობის მსხვერპლი ადამიანების მდგობარეობა.  თვალსაჩინო ხდება, თუ რა გამოწვევების წინაშე უხდებათ მათ ცხოვრება. ბავშვები  შეამჩნევენ ამ პრობლემებს და აუცილებლად გაჩნდება ადამიანების მიმართ თანაგრძნობის გაწევის სურვილი. წიგნი  ოპტიმისტურიცაა, რადგან ავტორი ნათლად უჩვენებს მკითხველს, რომ  სამართლიანობისთვის, თანასწორობისთვის და ადამიანების ღირსების დაცვისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და  გრძელვადიანი შედეგი მოაქვს.”- გირჩევთ თამარ გურჩიანი.