2017 წლის შემაჯამებელი ღონისძიება

სასტუმრო „holiday inn“-ში სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ უფროსმა გიგა გაბელაიამ 2017 წელს ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობა შეაჯამა. მოხსენებაში ცენტრის უფროსმა სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის სტრატეგიული მიმართულებების, საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალგაზრდების აქტიური ჩართვის, მათთვის მაღალხარისხიანი განათლების, დასაქმებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნის, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის, უსაფრთხო გარემოს მნიშვნელობისა და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა. შემაჯამებელ სიტყვაში ცენტრის უფროსმა აღნიშნა ცენტრის თანამშრომლების დამსახურება მიღწეულ წარმატებებში, ასევე მადლობა გადაუხადა პარტნიორ სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ბიზნესსექტორს, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს წლის განმავლობაში ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის დაგეგმილი პროგრამების განხორციელებაში. პრეზენტაციაში წარმოდგენილი იყო ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტების ამსახველი ფოტომასალა და ვიდეორგოლები. აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს პროექტებში 50 ათასამდე ახალგაზრდა იყო ჩართული. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ცენტრის საქმიანობაზე ისაუბრა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა. ცენტრს გაწეული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ რევაზ ჯაველიძემ. ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თემურ მურღულიამ. შემაჯამებელ ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვლი, მინისტრის პირველი მოადგილე რევაზ ჯაველიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია, სამთავრობო უწყებებისა და საელჩოების წარმომადგენლები, ცენტრის პარტნიორი ორგანიზაციები და პროექტების კონსულტანტები ესწრებოდნენ.