1. პროექტი – „სპორტული დარბაზები და ინტეგრირებული სახელობო წრეები“

განხორციელების ადგილი: თბილისი;

პროექტის განხორციელების ვადები: 01.01.2017 -31.12.2017 წწ.

სამიზნე ჯგუფი: ბავშვები და ახალგაზრდები 29 წლის ჩათვლით, მათ შორის შშმ, იძულებით გადაადგილებული, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები.

მიზანი:

  • სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია;
  • შშმ, იძულებით გადაადგილებული, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა საზოგადოებაში ინკლუზია;
  • ბენეფიციარებისათვის განსხვავებული სერვისების შეთავაზების გზით, მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია;
  • შშმ პირთა გადამზადება, მათთვის საჭირო უნარ-ჩვევების შეძენა;
  • ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა და მოტივირება;

აღწერილობა:

ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს სპორტული წრეები (ხრიდოლი, უშუ), აღნიშნულ სპორტულ სექციებში ჩართულნი არიან მოწყვლადი ჯგუფის (სოც. დაუცველები,  დევნილები და ეთნიკური უმცირესობები) ახალგაზრდები/მოზარდები, რომლებიც სრულიად უსასყიდლოდ ეუფლებიან სპორტულ სახეობებს. პროექტის განმავლობაში გარკვეული სიხშირით გაიმართება სპორტული შეჯიბრებები და შიდა ტურნირები. ჯგუფები იმუშავებს ინკლუზიური სწავლების პრინციპების დაცვით.

სახელობო წრეების ფარგლებში: ცენტრის ბაზაზე შექმნილია და ინფრასტრუქტურულად მოწყობილია სერვისები  (მინანქარი, თექა, ქსოვა, ქარგვა), რომლითაც სარგებლობენ  მოწყვლადი ჯგუფები. პროექტი მონაწილეებს საშუალებას აძლევს აღმოაჩინონ საკუთარი პროფესიული შესაძლებლობები და აიმაღლონ თვითშეფასება. პერიოდულად განხორციელდება ბენეფიციარების მიერ ცენტრის ბაზაზე დამზადებული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

მოსალოდნელი შედეგები: პროექტში ჩაერთვება 300 ახალგაზრდა. ამავდროულად, ინტეგრირებული სახელობო წრეები განსაკუთრებული საჭიროებებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებისათვის უზრუნველყოფს პროფესიული უნარჩვევების გამომუშავებას და მათ მომზადებას შრომითი ბაზრისთვის კონკურენტუნარ კადრებად. პროექტის წარმატებულობის საზომია მონაწილეთა მაღალი მოთხოვნა/მომართვიანობა 2016 წელს, რაც პროექტის გრძელვადიან პერსპექტივაში ცენტრის სერვისად დანერგვის საშუალებას იძლევა.

 

  1. პროექტი – „ჩვენთვის და ჩვენთან ერთად“

განხორციელების ადგილი: საქართველოს მასშტაბით.

პროექტის განხორციელების ვადები: 01.01.2017 -31.12.2017 წწ.

სამიზნე ჯგუფი: ბავშვები და ახალგაზრდები 29 წლის ჩათვლით, მათ შორის შშმ, იძულებით გადაადგილებული, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები.

მიზანი:

  • ბავშვებსა და ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, მოტივაციის ამაღლება.
  • სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.
  • შშმ ბავშვებისა და ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა.
  • ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა და მათი წახალისება;
  • კულტურულ-შემოქმედებითი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია;

აღწერილობა:

  • პროექტი მოიცავს შშმ პირთა უფლებებისადმი მიძღვნილი დღეების აღნიშვნას, კონფერენციებსა და ვორკშოპებს; ტრენინგები დაფუძნებულია ინტერაქციული სწავლების პრინციპებზე არაფორმალური განათლების მეთოდებით. ტრენინგები ჩატარდება საქართველოს ყველა რეგიონში ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან და გამგეობებთან თანამშრომლობით, ხელმისაწვდომი იქნება ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პირებისათვის.
  • პროექტის ფარგლებში შეიქმნება შშმ ახალგაზრდების მშობელთა თანასწორ-განმანათლებლური ქსელი (მშობელთა კლუბი). კლუბის ძირითადი საქმიანობა გულისხმობს ადვოკატირებას, შშმ ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებების, ქვეყანაში არსებული სერვისების და ზოგადად, ინკლუზიის შესახებ მშობელთა ინფორმირებას. მათი მცირე ინიციატივების მხარდაჭერას და თემის გაძლიერებას.
  • ახალგაზრდული რადიო/ რადიო-ჟურნალისტიკა და კომუნიკაციის მართვა;

საბავშვო და ახალგაზრდული რადიოს შექმნა და ინკლუზიიის დანერგვა – რაც გულისხმობს ცენტრის ბაზაზე საბავშვო და ახალგაზრდული რადიოს მოწყობას. ახალგაზრდული რადიო მოზარდებს საშუალებას მისცემს ნაყოფიერად, შემეცნებითად და ამავდროულად საინტერესოდ გამოიყენონ თავისუფალი დრო. ახალგაზრდული რადიოს გადაცემები მიმართული იქნება ახალგაზრდულ საჭიროებებზე, პრობლემებზე, სოციალურ აქტივობებზე, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებსა და განხილვებში. რადიოს მიმართულება იქნება: შემეცნებით-გასართობი;

სტუდიის ბაზაზე მოეწყობა რადიო-ჟურნალისტიკის და კომუნიკაციის მართვის სატრენინგო-სასწავლო და შემეცნებით მოდულზე აწყობილი ტრენინგები;

სასწავლო პროგრამის მიზანი:

  • თეორიული და პრაქტიკული განათლების მიცემა ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის შესახებ;
  • თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ტექნიკური საშუალებების ფლობის სტანდარტების გაცნობა;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის ფორმების სწავლება;

სასწავლო პროგრამაში ჩართული ახალგაზრდები მიიღებენ შესაძლებლობას ჩაერთონ,  როგორც ახალგაზრდული რადიოს, ისე ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის საქმიანობაში, რაც ასევე ხელს შეუწყობს მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას; რადიო-ჟურნალისტიკასთან ერთად განვავითარებთ ფოტოგრაფიის მოყვარულთა კლუბს.

სამიზნე ჯგუფი –  რადიო-ჟურნალისტიკითა და ზოგადად ჟურნალისტიკით,  საზოგადოებრივი საქმიანობით დაინტერესებული ნებისმიერი ბავშვი და ახალგაზრდა. პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს, რომელიც მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს. სწავლების პერიოდში მოეწყობა მასტერ-კლასები და შეხვედრები ცნობილ ჟურნალისტებთან. ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ გაუძღვნენ რადიო-გადაცემებს, მონაწილეობა მიიღონ ცენტრის სხვა აქტივობებში, დაეუფლონ საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიას და ჩაერთონ მის განხორციელებაში. მოხალისეობრივ საწყისებზე წახალისებული იქნება ფოტოგრაფიით დაინტერესებული ახალგაზრდები, მათ შესაძლებლობა ექნებათ ცენტრის ბაზაზე მოაწყონ გამოფენები.

  • საბავშვო და ახალგაზრდული კინოკლუბის შექმნა და ინკლუზიიის დანერგვა;

არსებულ კინოდარბაზსა და ცენტრის ინფრასტრუქტურის გამოყენებით ყოველკვირეულ კინო-სესიები მოეწყობა, მოეწყობა სემინარები კინოხელოვნებით და კინოინდუსტრიით დაინტერესებული პირებისათვის. ცენტრის ბაზაზე შეიქმნება საბავშვო და ახალგაზრდული კინოსტუდია, სადაც თავად ექნებათ შესაძლებლობა შექმნან მცირე მხატვრული და დოკუმენტური მოკლემეტრაჟიანი ფილმები, რომლებიც შემდგომში სხვადასხვა ფესტივალებზე გაიგზავნება. ცენტრის ბაზაზე არსებული და დაგროვილი გამოცდილება შესაძლებელი იქნება გაზიარებული ადგილობრივი თვითმართვე-ლობებისათვის, მათთან პარტნიორობით რეგიონებში მოეწყობა საზაფხულო კინოსტუდიები და შეიქმნება რეგიონალური კინოკლუბები.

 

  1. პროექტი -„შშმპ გამაჯანსაღებელი დარბაზი“

განხორციელების ადგილი: თბილისი

პროექტის განხორციელების ვადები: 01.01.2017 -31.12.2017 წწ.

სამიზნე ჯგუფი: ბავშვები და ახალგაზრდები 29 წლის ჩათვლით, მათ შორის შშმ, იძულებით გადაადგილებული, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები.

მიზანი:

  • შშმ პირთა სოციალიზაციის ხელშეწყობა;
  • სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება, არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, ახალგაზრდების გააქტიურება საზოგადოებრივ საქმიანობაში, მათი გახალისება, განათლება, ადაპტაცია.
  • გამაჯანსაღებელი ვარჯიშების შედეგად, (თანდაყოლილი ან შეძენილი) განუვითარებელი ან ატროფირებული მოტორული ფუნქციების გაუმჯობესება ან აღდგენა.
  • მოზარდთა ესთეტიკური აღზრდის ხელშეწყობა სპორტული აერობიკისა და პერფორმანსების მეთოდით.

აღწერილობა:

შშმპ გამაჯანსაღებელი დარბაზის ფარგლებში: პროექტი გულისხმობს ქ. თბილისის დღის ცენტრების ბენეფიციარებისა და ინდივიდუალური წევრებისათვის გამაჯანსაღებელი ვარჯიშების შეთავაზებას „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ბაზაზე არსებულ სპორტულ-გამაჯანსაღებელ დარბაზში.

ვარჯიშების კომპლექსს განსაზღვრავს სამკურნალო ფიზკულტურის მეთოდისტი, რომელიც სხვდასხვა ჯგუფს გარკვეული სიხშირით უტარებს გამაჯანსაღებელ ვარჯიშებს. სავარჯიშო გარემო არის ინკლუზიური. სავარჯიშო დარბაზის შემადგენელი ნაწილია ბენეფიციართა ჩართულობა სპორტული აერობიკის და პერფომანსების მეთოდით გაჯანსაღებაში.

მოსალოდნელი შედეგები: პროექტი ხორციელდება 2012 წლიდან. პროექტის მდგრადობის ინდიკატორია ყოველწლიურად გაზრდილი მომართვიანობა/მოთხოვნა. 2016 წელს დარბაზი გარემონტდა და აღიჭურვა თანამედროვე სტანდარტების (მათ შორის დადგენილება N 41-ის გათვალისწინებით) შესაბამისად. პროექტის მოსალოდნელი შედეგია არსებული ბენეფიციარების ფსიქო/სოციალური და ფიზიკური გაჯანსაღება, თბილისსა და მის შემოგარენში არსებული ყველა დღის ცენტრთან თანამშრომლობა, პროექტის სერვისად დანერგვა და რეგიონულ ქალაქებში განხორციელება.

 

4.პროექტი – „CYNC – სპორტი ბარიერების გარეშე“

განხორციელების ადგილი:  საქართველო

პროექტის განხორციელების ვადები: 01.01.2017 -31.12.2017 წწ.

სამიზნე ჯგუფი: ბავშვები და ახალგაზრდები 10-20 წლის ჩათვლით, მათ შორის შშმ, იძულებით გადაადგილებული, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები.

მიზანი:

  • პროგრამის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ახალგაზრდების სპორტში მასობრივ ჩართულობა;
  • ინკლუზიური სპორტის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია; (ფეხბურთი ბარიერების გარეშე);
  • სახელმწიფოს ვალდებულებაა შექმნას თანაბარი პირობები რეგიონში მცხოვრები ბავშვებისა და ახალგაზრდების სპორტული განვითარებისათვის, წაახალისოს, მოახდინოს მათი სტიმულირება და ხელშეწყობა.

აღწერილობა: საქართველოს ყველა რეგიონის 16-18 წლის მოზარდები მიიღებენ მონაწილეობას შეჯიბრებებში  (საჯარო სკოლის მოსწავლეები) სპორტის 4 სახეობაში. კერძოდ: მინიფეხბურთი (გოგონები, ვაჟები), კალათბურთი 3X3 (გოგონები, ვაჟები), მაგიდის ჩოგბურთი (გოგონები, ვაჟები), ჭადრაკი (გოგონები, ვაჟები).

მოსამზადებელი ეტაპი მოიცავს ყველა რეგიონის ჩართულობას და შიდაშესარჩევი ტურნირების გამართვას თითოეულ სახეობაში. ღონისძიებაში ჩაერთვებიან ადგილობრივი თვითმართველობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული სამსახურები, ასევე ადგილობრივი თვითმართველობის საკრებულოებში ახლად დაკომპლექტებული ახალგაზრდული საკრებულოები, ცენტრალიზირებულ კოორდინაციას უზრუნველყოფს სსიპ „ბავშთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“.

მორიგი ეტაპი – ყველა თვითმმართველ ქალაქში (თელავი, რუსთავი, მცხეთა, გორი, ახალციხე, ქუთაისი, ამბროლაური, ოზურგეთი, ბათუმი, ზუგდიდი – ზუგდიდშივე გაიმართება გალიდან გადმოსულ მოზარდებს შორის შესარჩევი ტურნირები, თბილისი) გახორციელდება რეგიონებიდან საუკეთესო გუნდების არჩევა და ოთხივე სახეობაში ტურნირების გამართვა. თითოეული რეგიონიდან 24 მოზარდი (კალათბურთი – გოგონები 4, ვაჟები 4, მინიფეხბურთი – გოგონები – 6, ვაჟები – 6, მაგიდის ჩოგბურთი – გოგონა 1, ვაჟი 1, ჭადრაკი – გოგონა 1, ვაჟი 1), რომლებიც მიიღებენ ცენტრის პროგრამა „მომავლის ბანაკის“ ფინალურ ნაკადში მონაწილეობას. ჯამში საქართველოს ყველა რეგიონიდან 288 მოზარდი გაემგზავრება ანაკლიის „მომავლის ბანაკში“ საქართველოს „CYNC-სპორტი ბარიერების გარეშე“ ჩემპიონის გამოსავლენად.

ფინალური ეტაპი –  საქართველოს ყველა რეგიონიდან 288 მოზარდი გაემგზავრება ანაკლიის „მომავლის ბანაკში“ ოთხივე სახეობაში საქართველოს „CYNC-სპორტი ბარიერების გარეშე“ ჩემპიონების გამოსავლენად. სპორტულ აქტივობებთან ერთად მოზარდები ჩაერთვებიან სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ „მომავლის ბანაკის“ საბანაკე ცხოვრებაში, რაც გულისხმობს მათთვის არაფორმალურ განათლების მიცემას სხვადასხვა ტრეინინგისა თუ როლური თამაშების სახით, კულტურულ-შემეცნებითი ხასიათის არაერთ აქტივობას.

„CYNC-სპორტი ბარიერების გარეშე“ დაიხურება 2017 წლის ანაკლიის „მომავლის ბანაკი“.

„CYNC-სპორტი ბარიერების გარეშე“ ჩაერთვება 45000 ბენეფიციარი (ყველა რეგიონის ახალგაზრდა). ამას გარდა, აფხაზეთის საჯარო სკოლების საგანმანათლებლო რესურს-ცენტრთან და აფხაზეთის ავტ. რესპუბლიკის მთავრობასთან თანამშრომლობით პროექტში ჩაერთვება გალის ტერიტორიაზე მოქმედი სკოლების გუნდებიც.

ინკლუზიური სპორტი გულისხმობს სპორტული და ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარებას, აუტისტური სპექტრის მქონე ახალგაზრდებისათვის ცხოვრების გახალისებას, ბრძოლისუნარიანობის ამაღლებას. ცენტრის ბაზაზე პროექტის ფარგლებში შეიქმნება საფეხბურთო კლუბი აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისათვის. პროექტი ასევე მოიცავს წლის განმავლობაში სპორტის სხვადასხვა სახეობებში ინლუზიის წახალისების მიზნით ტურნირებისა და საჩვენებელი მატჩების ორგანიზებას.

მოსალოდნელი შედეგი: პროექტის შედეგად საქართველოს ყველა რეგიონული ქალაქი ჩაერთვება სპორტულ აქტივობებში და შეიქმნება ცენტრის აუტისტური სპექტრის მატარებელი ბენეფიციარების საფეხბურთო გუნდი. პროექტის წარმატებულად განხორციელების შემთხვევაში ცენტრის ბაზაზე შეიქმნება გრძელვადიანი სერვის-პროგრამა.

 

5.პროექტი – „ლიტერატურული კონკურსი (ემი თავგადასავალი) და კონკურსი დამწყები მხატვრებისათვის“

განხორციელების ადგილი:

პროექტის განხორციელების ვადები: 01.08.2017 -30.10.2017 წწ.

სამიზნე ჯგუფი: ბავშვები და ახალგაზრდები 14-25 წლის ჩათვლით, მათ შორის შშმ, იძულებით გადაადგილებული, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები.

მიზანი: პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს კულტურულ-შემოქმედებითი საქმიანობაში ახალგაზრდების მასობრივ ჩართულობას.

აღწერილობა: ცენტრის ორგანიზებით იმართება ლიტერატურული კონკურსი დამწყები პროზაიკოსებისთვის, სადაც თავს იყრის 24 ნიჭიერი მომავალი მწერალი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. „ჩემი თავგადასავალი” წარმოადგენს  კონკურსს  დამწყები პროზაიკოსებისთვის. ეს იქნება ერთგვარი ლიტერატურული მარათონი ბუნებაში, ლიტერატურული მარათონის პირობებში შექმნილი კრებული კი გამოიცემა. კონკურსს ჰყავს მუდმივი პარტნიორი „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“. ის იმართება სხვადასხვა რეგიონში (2014 წელს წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, 2015 წელს – ყაზბეგში, ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმში). სამკაციანი ჟიური აფასებს შემოსულ ნაწარმოებებს. 24-ივე მოზარდი (14-18 წელი) ერთ დღეში წერს მოთხრობას იმ დავალების მიხედვით, რომელსაც ჟიური ადგილზე აცხადებს. საბოლოოდ, მათი პოპულარიზაციის მიზნით, ეს ნაწარმოებები ერთ წიგნად იკინძება და საქართველოს ყველა ბიბლიოთეკას საჩუქრად ეგზავნება.

ასევე სამი წელია, ცენტრის ორგანიზებით იმართება კონკურსი დამწყები მხატვრებისთვის. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები მოზარდები (12-18 წელი) აგზავნიან თავიანთ ნამუშევრებს და სამკაციანი ჟიური მათგან 12 საუკეთესოს არჩევს, რომელთა თავმოყრა რომელიმე რეგიონში ხდება (2014 წელს – ბაკურიანში, 2015 წელს – სიღნაღში). მონაწილეებს კენჭისყრით ხვდებათ წელიწადის რომელიმე თვე, რომელსაც ერთი დღის მანძილზე ბუნების წიაღში ხატავენ. საბოლოოდ იქმნება 12 ნახატი, რომელიც კედლის კალენდრად იკინძება და წლის ბოლოს ცენტრის სახელით სხვადასხვა სამთავრობო თუ კერძო სტრუქტურაში ახალი წლის მისალოც ბარათთან ერთად იგზავნება, რაც ერთგვარად ცენტრის პოპულარიზაციას და ცნობადობის ამაღლებას უწყობს ხელს. 2016 წელს ეს ორი პროექტი გაერთიანდა ერთ ნაწილად და დაემატა გამომცემლობის ინკლუზიური კომპონენტი – ანუ წიგნი და კალენდარი დაიბეჭდა ბრაილის შრიფტით. 2017 წელს გაგრძელდება პროექტი გაერთიანებული ფორმატით. ბრაილის შრიფტით დაიბეჭდება მხოლოდ წიგნი.

მოსალოდნელი შედეგები: პროექტის შედეგად ცენტრი უზრუნველყობს ახალგაზრდების ინტელექტუალური, პიროვნული, პროფესიული და ფიზიკური პოტენციალის გამოვლენის, ფორმირებისა და განვითარებისათვის შესაბამისი პირობების შექმნას. ცენტრი  გამოსცემს ლიტერატურული ნაშრომებისა და ნახატების კრებულს წიგნისა და კედლის კალენდრის სახით, რომელიც დაეგზავნება საქართველოს ყველა საჯარო ბიბლიოთეკას.

 

6.პროექტი   –  საერთაშორისო ბანაკი „EU-EaP საზაფხულო ახალგაზრდული  ბანაკი 2017“

მდებარეობა: ბაზალეთი

განხორციელების ვადები: 19.07.2017-19.12.2017წ.

სამიზნე ჯგუფი: 16-22 წლის მოზარდები და ახალგაზრდები

ბანაკის სამუშაო ენა: ქართული/ინგლისური

მიზანი:

  • ევროპის სამეზობლო პოლიტიკის დოკუმენტის მოთხოვნათა შესაბამისად, ახალგაზრდული ბანაკი კულტურათაშორის დიალოგის გზით, ხელს შეუწყობს საერთო ევროპული ღია სივრცის შექმნას, სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელი ახალგაზრდების დაახლოებას, საერთო ევროპული ღირებულებების გაზიარებასა და სამომავლოდ ახალგაზრდული ქსელის ჩამოყალიბებას.
  • ევროკავშირმა, საქართველოს მთავრობასთან ერთად ინიცირება გაუკეთა საერთაშორისო ახალგაზრდულ ბანაკს. ბანაკი მთავარი მიზანია ევროკავშირის და აღმოსავლეთ თანამშრომლობის ქვეყნების ახალგაზრდების დაკავშირება თანამედროვე ხელოვნების (Creative Industries) და ფოლკლორის მეშვეობით. ბანაკის ადმინისტრირების პროცესში ჩართულნი არიან როგორც ევროკავშირის, ისე საქართველოს სამთავრობო უწყებები, კერძოდ: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და მის დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“. აღნიშნული ბანაკი სამომავლოდ საფუძველს ჩაუყრის სხვადასხვა შინაარსის საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკების ორგანიზებას.
  • საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკი ხელს შეუწყობს ეროვნებათაშორისი მეგობრობის გაღრმავებას და კულტურული დიალოგისთვის არაფორმალური სივრცის შექმნას.
  • ბანაკი არაფორმალური განათლების ინსტრუმენტალიებით, რაც გულისხმობს შემეცნებითი-სხვადასხვა ტიპის ვორქშოპები, სესიები, სემინარები და სხვა., კულტურული-სხვადასხვა ქვეყნების ფოლკლორისა და თანამედროვე ხელოვნების მასტერკლასები, გამოფენები, კონცერტები (Creative Industries) და ევროკავშირის ფასეულობებზე დამყარებული, სამოქალაქო ცნობიერების ასამაღლებელი აქტივობების განხორციელებას.

აღწერილობა: თანამედროვე მსოფლიო უპირობო აუცილებლობად აყენებს ახალგაზრდების დაახლოებას კულტურული ურთიერთობების, ფასეულობების გაზიარების გზით. ამ ეტაპისთვის შავიზღვისპირა, „სუამისა“ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების ახალგაზრდებისათვის, რომლებსაც საერთო კულტურული და სამოქალაქო ინტერესები აერთიანებთ, არ არსებობს სივრცე, სადაც ისინი  შეძლებენ საკუთარი გამოცდილებისა და საკუთარი ქვეყნების კულტურული მემკვიდრეობის გაზიარებას ერთმანეთისთვის. ახალგაზრდული  საერთაშორისო ბანაკის შექმნა აუცილებელია, რადგან ბანაკი კულტურებს შორის მეგობრული ურთიერთობის გაღრმავების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ახალგაზრდული დეპარტამენტის მიერ მომზადებულ გზამკვლევშიც კულტურა მოიაზრება ახალგაზრდული საქმიანობის მექანიზმად. განვითარებული ქვეყნები სხვადასხვა კულტურებს შორის დიალოგის საშუალებად მოიაზრებენ ისეთ მიმდინარეობებს, როგორიცაა: ლიტერატურა, მხატვრობა, მუსიკა ცეკვა და  ტრადიციული ხალხური რეწვა.

საქართველო, აღმოსავლეთ ევროპის თანამშრომლობის ქვეყნებთან ერთად სულ უფრო და უფრო უახლოვდება ევროკავშირს. ასოცირების პროცესის შემადგენელი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა  – ვიზალიბერალიზაცია. აღნიშნული აკავშირებს მოსახლეობას ერთმანეთთან და ქართული საზოგადოება ნელ-ნელა უფრო უახლოვდება ევროპულ ოჯახს.

ბანაკი მოიცვს შემდეგ მიმართულებებს: ლიტერატურა (პოეზია, პროზა) პერფორმანსი (მუსიკა, ცეკვა, თეატრი, ფოლკლორი), მედია არტი (ფოტოგრაფია, კინემატოგრაფია), ვიზუალური არტი (მხატვრობა, ფერწერა, კერამიკა, სკულპტურა, კომიქსები), კონცეპტუალური არტი.

ახალგაზრდული საერთაშორისო ბანაკი დაეყრდნობა ევროკავშირის მიერ 2014 წელს დამტკიცებული Erasmus + -ის  ახალ სამოქმედო პროგრამას, რომელიც მოიცავს სწავლების  8 კომპეტენციას  (lifelong learning key competences).  ამ შემთხვევაში ახალგაზრდული საერთაშორისო ბანაკი მოიცავს აღნიშნული კომპეტენციების 4 ნაწილს:

  1. უცხო ენაზე კომუნიკაცია;
  2. სწავლა – სწავლება;
  3. საზოგადოებრივი და სამოქალაქო კომპეტენციები;
  4. კულტურული ცნობიერება და თვითგამოხატვა;

საერთაშორისო ბანაკი განხორციელდება ბაზალეთზე მდებარე კომპლექსში, სადაც 6 დღის განმავლობაში 16-22 წლის 219-მდე მონაწილე მოიყრის თავს კავკასიის რეგიონის და ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან: საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსია, პოლონეთი, ჩეხეთი, ლიტვა, იტალია, გერმანია, შვედეთი, საფრანგეთი. გაიმართება როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სესიები ხელოვნების სხვადასხვა მიმდინარეობაზე. სესიები და ვორქშოფები ჩატარდება არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები ერთმანეთს გაუზიარებენ საკუთარი ქვეყნების შემოქმედებას, გააცნობენ ფოლკლორის, თანამედროვე ხელოვნების, ხალხური ცეკვისა და სიმღერის, ასევე ეროვნული რეწვის ნიმუშებს; მოეწყობა ლიტერატურული და ხატვის კონკურსები (ბანაკის დასრულების შემდეგ ჟიურის მიერ შერჩეული ნამუშევრებით დაიბეჭდება კალენდარი და გამოიცემა ლიტ. კონკურის მონაწილეთა მოთხრობების კრებული);

ბანაკი მოიცავს ევროკავშირის „კრეატიული ინდუსტრიის“ პრიორიტეტულ რამდენიმე მიმართულებას, მათ შორის: ლიტერატურა (პოეზია, პროზა, ნოველა) პერფორმანსი(მუსიკა, ცეკვა, თეატრი, ფოლკლორი), მედია არტი(ფოტოგრაფია, კინემატოგრაფია), ვიზუალური არტი (მხატვრობა, ფერწერა, კერამიკა, სკულპტურა, კომიქსები), კონცეპტუალური არტი.

ბანაკის ყოველი დღე თემატურად დაეთმობა სხვადასხვა ქვეყნის აქტივობებსა და თემატურ სესიებს. ბანაკის გახსნისას და დახურვისას მოეწყობა კონცერტი. ბანაკი დაიხურება მასშტაბური კულტურული ღონისძიება/კონცერტით, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ყველა მონაწილე ქვეყნის შემოქმედება.

ბენეფიციარების შერჩევა მოხდება საქართველოში აკრედიტებული მონაწილე ქვეყნების დიპკორპუსების კულტურის ატაშეების, პარტნიორი ევროპული ორგანიზაციებისა და მონაწილე სახელმწიფოების ახალგაზრდულ საქმიანობაზე პასუხისმგებელი უწყებებთან თანამშრომლობით. თანამშრომლობას ხელს შეუწყობს ევროკავშირის ოფისის წარმომადგენლობა საქართველოში.

პროექტის ფარგლებში ცენტრის პარტნიორები არიან: საქართველოს საგარეო საქმეთა, განათლებისა და მეცნიერების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის, ჯანდაცვის სამინისტროები, მონაწილე ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობის კულტურის ატაშეები, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოს პრემიერ მინისტრის აპარატი.

ბანაკში კომპეტენტური ჟიური შეაფასებს  ბენეფიციართა შემოქმედებას (ესსეები, ნახატები, სამოყვარულო ფილმები-ვიდეოები და სხვა.)

მოსალოდნელი შედეგი:

  • კულტურათაშორისო მეგობრობის გაღრმავება;
  • კულტურათაშორისი დიალოგისთვის პლატფორმის შექმნა;
  • სამოქალაქო ცნობიერების გაღრმავება;
  • კულტურათაშორისო მეგობრობის დამყარება და არაფორმალური ურთიერთობების პლატფორმის შექმნა;
  • საზოგადოებრივი ცნობიერების გამყარება ევროპული ფასეულობების შესახებ, თანამედროვე ხელოვნების (შემოქმედებითი ინდუსტრიები) და ფოლკლორის მეშვეობით;
  • ნიჭიერი ახალგაზრდების წახალისება, მათი შესაძლებლობების გამოვლენა შემდეგ მიმართულებებში: ლიტერატურა (პოეზია, პროზა) პერფორმანსი (მუსიკა, ცეკვა, თეატრი, ფოლკლორი), მედია არტი (ფოტოგრაფია, კინემატოგრაფია), ვიზუალური არტი (მხატვრობა, ფერწერა, კერამიკა, სკულპტურა, კომიქსები), კონცეპტუალური არტი.
  • ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა, ქსელის ჩამოყალიბება და სამოქალაქო უნარ-ჩვევების გაზრდა;
  • ფასეულობების გაზიარება;
  • სხვადასხვა სფეროში აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების წარმომადგენელი 219 ახალგაზრდის ნიჭის გამოვლენა და დაახლოება;

 

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში

განხორციელების ადგილი:  ანაკლია

პროექტის განხორციელების ვადები: 01.01.2017- 31.12.2017 წწ.

სამიზნე ჯგუფი: 14-18 წლის საჯარო სკოლის მოსწავლეები.

მიზანი:

  • 14-18 წლის ბავშვებისთვის ისეთი გარემოს შექმნა, სადაც მოზარდები არა მხოლოდ ისვენებენ, არამედ კულტურულ, საგანმანათლებლო და სპორტულ პროგრამებშიც მონაწილეობენ;
  • მოზარდ თაობაში შემოქმედებითი ნიჭის გაღვივება;
  • ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა;
  • არაფორმალური განათლების მიღება;
  • სხვადასხვა ქალაქებსა და რეგიონებიდან ახალგაზრდების დამეგობრება, აზრთა გაზიარება;
  • საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვების ინტეგრაცია;
  • სოციალურად დაუცველი, იძულებით გადაადგილებული და მრავალშვილიანი ოჯახის ბავშვების წახალისება;
  • საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი მოზარდების ინტეგრაცია თანამემამულეებთან;
  • რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების ინტეგრაცია თანატოლებთან;
  • სხვადასხვა ინტელექტუალურ ვიქტორინაში გამარჯვებული მოზარდების წახალისება.

აღწერილობა: „მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში ხორციელდება მთავრობის განკარგულების საფუძველზე. პროექტის განხორციელებაში ჩართულია: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

მოსალოდნელი შედეგი:  პროექტის შედეგად ცენტრი უზრუნველყობს ახალგაზრდების ინტელე-ქტუალური, პიროვნული, პროფესიული და ფიზიკური პოტენციალის გამოვლენის, ფორმირებისა და განვითარებისათვის შესაბამისი პირობების შექმნას.

 

„მომავლის ბანაკი“  შაორში

განხორციელების ადგილი:  შაორი

პროექტის განხორციელების ვადები: 01.01.2017- 31.12.2017 წწ.

სამიზნე ჯგუფი: 14-29 წლის ახალგაზრდები.

მიზანი:   

  • ახალგაზრდებისთვის ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ახალგაზრდები არა მხოლოდ ისვენებენ, არამედ კულტურულ, საგანმანათლებლო და სპორტულ პროგრამებშიც მონაწილეობენ;
  • ახალგაზრდებში შემოქმედებითი ნიჭის გაღვივება;
  • ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა;
  • არაფორმალური განათლების მიღებას;
  • სხვადასხვა ქალაქებსა და რეგიონებიდან ახალგაზრდების დამეგობრება, აზრთა გაზიარება.

აღწერილობა: „მომავლის ბანაკი“ შაორში ხორციელდება საბანაკე სპეციალური პროგრამის და დამტკიცებული შინაგანაწესის შესაბამისად. პროექტის განხორციელებაში ჩართულია: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

მოსალოდნელი შედეგი:  პროექტის შედეგად ცენტრი უზრუნველყობს ახალგაზრდების ინტელე-ქტუალური, პიროვნული, პროფესიული და ფიზიკური პოტენციალის გამოვლენის, ფორმირებისა და განვითარებისათვის შესაბამისი პირობების შექმნას.

 

„ნორჩ მაშველთა კლუბი“

განხორციელების ადგილი:  საქართველო/ბელორუსია/აზერბაიჯანი

პროექტის განხორციელების ვადები: 01.01.2017- 31.12.2017 წწ.

სამიზნე ჯგუფი: 14-18 წლის საჯარო სკოლის მოსწავლეები.

მიზანი:   

  • მოზარდების შინაარსიანი და გონივრული დასვენების ორგანიზება;
  • მოსწავლეების ფართო წრის მოზიდვა სახანძრო-სამაშველო საქმიანობის შესასწავლად;
  • საგანგებო სიტუაციებში ქცევის და სახანძრო უსაფრთხოების წესების პროპაგანდა;
  • შრომის უნარის, შემოქმედებითი აზროვნების, მატერიალური ფასეულობებისადმი პატივისცემის განვითარება;
  • უნარებისა და ნიჭის განვითარება;
  • ზოგადი ფიზიკური განვითარება;
  • კატასტროფის რისკის შემცირება და სამაშველო-სახანძრო საქმიანობის მთავარი, საბაზისო ელემენტების დანერგვა, გათავისება;
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მიერ სპეციალურად ამ პროექტისთვის განკუთვნილი სპეციალისტების ჩართულობა;
  • მეცადინეობები საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს ბაზაზე;
  • გაცვლითი პროგრამები, რაც ითვალისწინებს სხვადასხვა ქვეყანაში კლუბის წევრების გამგზავრებას პროფილური სახის ბანაკებში;
  • კულტურული ღონისძიებები.

აღწერილობა: პროექტი განხორციელდება „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრსა“ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე. პროექტში ჩართული მოზარდები აზერბაიჯანელ და ბელორუს თანატოლებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ და ჩაერთვებიან „მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში, ასევე განხორციელდება ბენეფიციარების საერთაშორისო თემატურ ბანაკებში გამგზავრება აზერბაიჯანში და ბელორუსიაში.

მოსალოდნელი შედეგი:  პროექტის შედეგად ცენტრი უზრუნველყობს ახალგაზრდების ინტელე-ქტუალური, პიროვნული, პროფესიული და ფიზიკური პოტენციალის გამოვლენის, ფორმირებისა და განვითარებისათვის შესაბამისი პირობების შექმნას. მონაწილე ბენეფიციარებს საშუალება ექნებათ გაეცნონ  სხვადასხვა ქვეყნების კულტურას, ასვე გრძელვადიან პერსპექტივაში ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს საშუალება ექნება ჩამოაყალიბოს მონაწილე ქვეყნების ახალგაზრდული ცენტრებისა და ორგანიზაციების თანამშრომლობის ქსელი. შესაძლებელი იქნება პრაქტიკის გაზიარება და სხვადასხვა მონაწილე ქვეყნებში ყოველწლიური განხორციელება, ახალგაზრდობის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება.

[1] „ხანგრძლივი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევებით, რაც სხვადასხვა დაბრკოლებებთან ურთიერთქმედებისას შეიძლება ხელს უშლიდეს მათ სრულ, ეფექტურ და თანასწორ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.“41-ე დადგენილება;